ხრამის ხეობის მეგალითების გაცნობა - საქართველოს ეროვნული ფონდის ახალი პროექტი
- 13 თებერვალი, 2025
საქართველოს ეროვნული ფონდი იწყებს პროექტს ,,ხრამის ხეობის მეგალითების გაცნობა". პროექტი განხორციელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში - სამშვილდე, დაღეთი, წინწყარო და ქოსალარი. 3 თვის განმავლობაში ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით დაგეგმილია - საველე გასვლები, თემატური შეხვედრები, ფილმის ჩვენება, გამოფენის მოწყობა თბილისში, მეგალითური ნაგებობების მაკეტის შექმნა და წარდგენა. პროექტის მიზანია ხრამის ხეობის მრავალეთნიკური მოსახლეობის ნაწილის ინფორმირება უძველესი არქეოლოგიური მემკვიდრეობისა და მისი პოტენციალის შესახებ.
პროექტი ხორციელდება ევროპა ნოსტრას მხარდაჭერით ევროპული მემკვიდრეობის კერის ფარგლებში და თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
ქვემო ქართლის მხარე, განსაკუთრებით კი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ხრამის ხეობის კულტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობა უნიკალურია. პროექტის ფარგლებში შერჩეული კონკრეტული ადგილები: სამშვილდის ნაქალაქარი, დაღეთის მეგალითური კედელი და ქოსალარის მიმდებარედ არსებული მეგალითური სტრუქტურები, - წარმოადგენს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიო მეგალითური ნაგებობების უძველეს ნიმუშებს. მათი ზოგადი დათარიღება მოიცავს პერიოდს ენეოლითიდან გვიან შუა საუკუნეებამდე.
მეგალითური ძეგლები დიდი ქვებით ნაგები სტრუქტურებია, რომლებიც ოდნავ დამუშავებული, ან დაუმუშავებელი სახითაც გვხვდება, ზოგიერთ შემთხვევაში. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეისტორიულ ხანაში, მძლავრი ტექნიკური საშუალებების გარეშე, ადამიანი მსგავს ძეგლებს ვერ შექმნიდა. აქედან გამომდინარე, არსებობს მოსაზრება, რომ ისინი ნაგებია ისეთი ზებუნებრივი ძალების მქონე არსებების მიერ, როგორებიცაა - დევები, ციკლოპები და სხვა. სხვაგვარად მათ ციკლოპურ ნაგებობებსაც უწოდებენ. საქართველოს ისტორიულ წყაროებში ისინი ცნობილია, როგორც გმირთ ნაკვეთები და დევთა ნასახლარები.
სამწუხაროდ, ამჟამად მეგალითების უმეტესი ნაწილი მთლიანად მცენარეული საფარითაა დაფარული, არაა სიღრმისეულად შესწავლილი და ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის.
აქვე, აუცილებლია აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნული ფონდისა და ,,ევროპა ნოსტრას“ თანამშრომლობა 2024 წელს დაიწყო. საერთაშორისო ფონდების დახმარებით განხორციელებულმა პროექტმა - ,,ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია არხოტში“ ევროპა ნოსტრას კონკურსის ერთ-ერთ კატეგორიაში - ,,მოქალაქეების ჩართვისა და ცნობიერების ზრდის" - მემკვიდრეობის სფეროში ევროპის მასშტაბით ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. კიდევ უფრო განსაკუთრებულია ამბავია, რომ ამავე პროექტს აღნიშნულ კატეგორიაში გრანპრიც მიენიჭა.
საქართველოს ეროვნული ფონდის სამუშაო ჯგუფმა წინასწარ შეისწავლა არსებული ადგილები, ახლა უკვე ადგილობრივებთან ერთად გააგრძელებს პროექტის ეტაპების შესრულებას. მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართვა ხრამის ხეობაში მდებარე მეგალითური კომპლექსების შესახებ ინფორმაციის მიღებაში, მოვლასა და განვითარებაში. ამ პროექტის განხორციელებაც, სწორედ, ამას ემსახურება.