en
  

ინიციატივის შესახებ

ეთერი ხალხს - შენობა ქალაქს!

საქართველოს ეროვნული ფონდისა და ევროპა ნოსტრას (Europa Nostra) წარმატებული ურთიერთობის ახალ ეტაპს წარმოადგენს ევროპის მემკვიდრეობის კერის (European Heritage Hub) პროექტში ჩართვა. ‘მემკვიდრეობის კერის’ ფარგლებში ჩავწერთ მაღალი ხარისხის პოდკასტების სერიებს, წარვმართავთ ცნობიერების ამაღლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენის კამპანიებს. 


‘მემკვიდრეობის კერის’ პროექტის განხორციელება დაემთხვა საქართველოში შექმნილ კრიზისულ პოლიტიკურ პროცესებს, რომლებმაც გამოკვეთა სახელმწიფო ტელევიზიის დემოკრატიზების, ხალხისთვის სანდო, მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდების სასიცოცხლო აუცილებლობა. ამ საჭიროების გათვალისწინებით, მემკვიდრეობის პლატფორმამ მხარი დაუჭირა პირველი არხის ისტორიული შენობისა და მაუწყებლის ფუნქციის შენარჩუნების კამპანიას.



საქართველოსთვის ისტორიული პირველი არხის შენობა არა მხოლოდ ტელეკომუნიკაციების სფეროს გარდამტეხ ეტაპს წარმოადგენს, არამედ ქართული მოდერნისტული არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშიცაა. საზოგადოების მცირე ნაწილისთვის ცნობილი გახდა, რომ ტერიტორია 2022 წელს აუქციონის წესით გასხვისდა და კერძო მფლობელობაში გადაეცა შპს “კოსტავა თაუერსს”, ხოლო ფართო საზოგადოებამ ტელევიზიის ადგილის შეცვლის შესახებ პირველი არხის საზეიმოდ გახსნის ცერემონიიდან შეიტყო. 


ტელეცენტრის ტერიტორიაზე საცხოვრებელი თუ საქმიანი შენობების მასშტაბის უხეში ზრდა არსებულ ურბანულ ქსოვილში აგრესიულ ჩარევას გულისხმობს, რაც ცალსახად უარყოფით გავლენას მოახდენს გმირთა მოედნის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე.


„კოსტავა თაუერსი” დიდი კორპორაციის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია, უფრო კონკრეტულად ის ბიოგრაფი ლივინგის კონცეფციას ახორციელებს და იმეორებს მრავალფუნქციური, ელიტური “გეტოს” იდეას. ოთხსართულიანი ფართოდ გაშლილი სავაჭრო ცენტრის ბაზას ეყრდნობა მაღალსართულიანი, ერთსახოვანი და სტანდარტიზებული საცხოვრებელი ბინების ვერტიკალური მოცულობა. მოქალაქეებთან ერთად ბინებს მოკლევადიანი ტურისტებიც გაიყოფენ და კიდევ უფრო გაზრდიან აპარტოტელების მომგებიანობას ბაზარზე, თუმცა, ტერიტორიის ამგვარი განვითარება შეუქცევად ზიანს მიაყენებს ადგილობრივ მოსახლეობას და ზოგადად ქალაქს. 


მსოფლიოში მიმდინარე ურბანიზაცია შეუქცევადი პროცესია. რიგი სახელმწიფოებისა ყველანაირად ცდილობს რეგიონების გაძლიერებას და ქალაქებში სამშენებლო შეზღუდვების დაწესებას, ქვეყანაში რესურსების თანაბრად გადანაწილების მიზნით, თუმცა აქტიური ცხოვრება ახალგაზრდებს სოფლებიდან ქალაქებისკენ იზიდავს. საქართველოშიც იგივე ტენდეცია შეინიშნება, თანაც რეგიონებში ეკონომიკური განვითარების მწირი შესაძლებლობა უბიძგებს მოსახლეობას ქალაქში ეძიოს უკეთესი პირობები. შესაბამისად, თბილისში ყოველწლიურად მცირდება ზონები, რომლებიც ცენტრალურ უბნებში მცხოვრებ მოქალაქეებს საჯარო სკოლების, ბაღების, არაფორმალური განათლების კერებისა თუ სხვადასხვა სარეკრეაციო სივრცეების დამატების შესაძლებლობას შეუქმნის. 


ასეთი საფრთხე დაემუქრა ტელეცენტრის ისტორიულ შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიასაც.  არადა, გასული საუკუნის 60-იან წლებში აგებული მოდერნისტული არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მხატვრულ-ისტორიული თვალსაზრისით და საზოგადოებრივი ფუნქციით, არამედ, ასევე, როგორც გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიას ურბანული ქსოვილის განუყოფელი ნაწილი. 


სამწუხაროდ, მოდერნისტული შენობები იშვიათად ხდება სახელმწიფო მზრუნველობის საგანი, ხშირ შემთხვევაში მათ ძეგლის სტატუსიც არ გააჩნია. თბილისის მასშტაბით გართულებულია შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება, კულტურისა და ძეგლთა დაცვის საბჭოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში, წინადადებას ჯერ კულტურისა მინისტრი განიხილავს და შემდეგ უგზავნის საქართველოს მთავრობას, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პრემიერ-მინისტრი იღებს. კანონის მიხედვით, შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება მარტივდება, თუ ის 100 წელზე ძველია.


2018 წელს საქართველოს ლურჯი ფარის ინიციატივითა და გეტის ფონდის (Getty Foundation) მხარდაჭერით, თბილისის მოდერნისტული ძეგლების სიას ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკისა და ალპური კლუბის შენობა დაემატაა. 


ტელეცენტრის შენობა აკმაყოფილებს ძეგლად აღიარების ყველა მოთხოვნას არქიტექტურული, ისტორიული, მხატვრული, სამეცნიერო თუ სოციალური ღირებულებების ჭრილში.


შენობისა და ქალაქის იდენტობის გადარჩენის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ფონდის მენეჯერი სალომე ტაბატაძე, არქიტექტორ ნანო ზაზანაშვილთან და ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერიასთან ერთად, მიწვეული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ღია ეთერში. მათ წარადგინეს ტელეცენტრის შენობის გადარჩენის ინიციატივა, რომელსაც წინ უძღოდა “მემკვიდრეობის პლატფორმის” წევრებთან გამართული სამი სამუშაო შეხვედრა. შედეგად შემუშავდა კამპანიის სტრატეგია, ვიზუალური ენა და გამოსაყენებელი მასალები. სლოგანი “ეთერი ხალხს- შენობა ქალაქს” კი საერთო სახალხო პროცესმა წარმოშვა. 


შენობის შენარჩუნებისთვის შემდგომი ნაბიჯები მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი შენობის გასხვისების პროცესების გაცნობას, საინფორმაციო მასალის მიწოდებას, მოქალაქეებთან ინტერვიუების ჩაწერას, პეტიციის შევსებასა და აქტიურ მედია გაშუქებას მოიაზრებს.