საერთაშორისო ფონდის ალიპის (Aliph Foundation) მიერ დაფინანსებული ორწლიანი პროექტი - ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია არხოტში - საქართველოს ეროვნული ფონდის ხელმძღვანელობით ხევსურეთში, არხოტის თემის სოფელ ახიელაში 2021 წლის 16-დან 27 აგვისტომდე გაგრძელდა.
პროექტი მიზნად ისახავს ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაციას, არხოტის თემის კულტურული, ბუნებრივი მემკვიდრეობის წარმოჩენას როგორც ჩვენი, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისათვის და ზოგადად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტის პარტნიორები და მხარდამჭერები, დიდი გამოცდილების მქონე ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაცია (International National Trusts Organization (INTO) და ფრანგული კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია - რაემპარტი (Rempart), საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე შუა საუკუნეების კოშკის გამაგრება-რეაბილიტაციის პროცესში არიან ჩართულები.
ეროვნული მნიშვნელობის ცისკარაულების საგვარეულო კოშკი საგრძნობლად დაზიანდა 2001 წლის რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს. საბრძოლო ქმედებების შედეგად მიყენებული საშიში ბზარები, ჩამონგრეული კედლების ფრაგმენტები საჭიროებს გადაუდებელ გამაგრებით და აღდგენით სამუშაოებს.
პროექტი გულისხმობს ქართველი და უცხოელი მოხალისეების ჩართვას აღდგენით სამუშაოებში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადგილობრივი თემის მონაწილეობასა და ჩართულობას პროექტის ყველა საქმიანობაში.
,,წელს ჯარჯი ცისკარაულის ოჯახში, ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ პროექტში ჩართული ფრანგი და ქართველი მოხალისეები. ეს გამოცდილება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, როგორც ადგილობრივი ოჯახისათვის, ასევე ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის. გვახარებს ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნულმა ფონდმა მოახერხა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში მოხალისეების ჩართვა. დარწმუნებული ვარ, პროექტში ჩაბმულ მოხალისეებს ზაფხულის გამოცდილება კულტურული მემკვიდრეობის სამუდამო ქომაგებად აქცევს“, - აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ფონდის თანა-თავმჯდომარემ მარინე მიზარდარმა.
ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პარალელურად მიმდინარეობს 600 მეტრიანი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა მდინარე ასას ნაპირიდან საირმის მთის ბორცვის წერტილამდე. ეს ბილიკი ხელს შეუწყობს სოფელ ახიელას ეკო-ტურიზმის კერად ჩამოყალიბებას, გააძლიერებს საზღვარს და გაზრდის პირიქითა ხევსურეთის თვალსაჩინოებას საქართველოს სათავგადასავლო რუკაზე.
რაემპარტი 1966 წელს დაარსდა და, უკვე მრავალი ათეული წელია, მოხალისეების ჩართულობით ემსახურება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეს. საქართველოს პირველად ესტუმრნენ ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოხალისეები.
,,უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის პროექტი, რომელიც სავსეა თავისებურებებითა და ღირებულებებით. საქართველოში პირველად ვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტს. ჩვენ ვმუშაობთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციაზე, რომელიც მარტივი არ არის, თუმცა უკვე დარწმუნებული ვარ მის წარმატებით დასრულებაში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სოფლად არსებობა და მისი რეაბილიტაციის პროცესი თავისთავად გულისხმობს ადგილობრივებთან მოხალისეების მჭიდრო ურთიერთობასა და ყოველდღიურ ყოფაში მონაწილეობას. ფრანგი და ქართველი მოხალისეების ჩართულობამ პროექტი რეალობად აქცია. იმედი მაქვს, ეს პირველი ნაბიჯი უფრო დიდი საქმის საწინდარი იქნება, ვიდრე ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია“, - ამბობს რაემპარტის პრეზიდენტი მარი-ჟორჟჯ ფაჟელ-ბღუსი.
მომავალ წელს ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციაში ქართველ და ფრანგ მოხალისეებთან ერთად ბრიტანელებიც ჩაერთვებიან.