en
  

"ხრამის ხეობის მეგალითები" - პროექტის გაცნობა და ფილმის ჩვენება ადგილობრივი მოსახლეობისთვის

15 და 16 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ფონდმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში – სამშვილდესა და წინწყაროში გამართა საინფორმაციო შეხვედრები და დოკუმენტური ფილმის - „ხრამის ხეობის საიდუმლოება“ -  ჩვენება.

დოკუმენტური ფილმი დავით გოგუაძის ავტორობით მოგვითხრობს ხრამის ხეობაში არსებულ მეგალითური ტიპის შეუსწავლელ ნაგებობებს და მიმოიხილავს მათ მნიშვნელობას.

პირველი შეხვედრა სოფელ სამშვილდეში გაიმართა, სადაც ფონდის დირექტორმა მარინე მიზანდარმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო ფონდის საქმიანობა, მიღწევები და პროექტის მიზნები. ღონისძიებას დაესწრნენ სოფლის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიურად ჩაერთონ პროექტის შემდეგ ეტაპებზე დაგეგმილ კამერალურ და საველე შეხვედრებში.

უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებში მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიეს ადგილობრივმა კოორდინატორებმა ლუსინე დოსტიბეგიანმა, რომელიც სოფელ სამშვილდეში სოციალურ საწარმო “ორბის ბუდის” დამფუძნებელია და ნანა სტეფლიანმა სოფელ წინწყაროდან.

მეორე შეხვედრას უმასპინძლა ფონდი „ტასოს“ ოფისმა სოფელ წინწყაროში. შეხვედრას წინწყაროს მაცხოვრებლებთან ერთად სოფელ ქოსალარიდანაც დაესწრნენ. ფილმის ჩვენების შემდეგ, მაყურებელთა თხოვნით, დამსწრეებს დამატებით ვაჩვენეთ დოკუმენტური ფილმი „ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის“ შესახებ.

ორივე შეხვედრაზე, ადგილობრივმა მოსახლეობამ დიდი ინტერესი გამოხატა მეგალითური მემკვიდრეობის მიმართ და მზადყოფნა გამოთქვა პროექტის შემდგომ აქტივობებში მონაწილეობის მიღებისა.

შემდეგ ეტაპზე, საქართველოს ეროვნული ფონდის გუნდი პროექტში ჩართულ მონაწილეებთან ერთად გეგმავს საველე გასვლებს მეგალითური სტრუქტურების მოსანახულებლად.  

„ხრამის ხეობის მეგალითების გაცნობა“ საქართველოს ეროვნული ფონდის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების: სამშვილდის, დაღეთის, წინწყაროსა და ქოსალარის მიმდებარედ არსებული მეგალითური ძეგლების შესახებ ცნობადობის გაზრდასა და მათი პოტენციალის წარმოჩენას ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. 

პროექტი საგანმანათლებლო ხასიათისაა და მოიცავს შემეცნებით აქტივობებსა და საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი მრავალეთნიკური თემების წარმომადგენელთა ჩართულობით.

პროექტი დაფინანსებულია ევროპანოსტრას საპილოტე პროგრამის - მემკვიდრეობის კერის ფარგლებში და თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.