en
  

ხადის ხეობის შესანარჩუნებლად

ICOMOS: ხადის ხეობაში გზის პროექტირებაში მონაწილეობა არ მიგვიღია
ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის, ქვეშეთი-კობის გზის 23-კილომეტრიანი მონაკვეთი სახელმწიფოს 558.6 მილიონი აშშ დოლარი უჯდება, რომლის უმეტესი ნაწილი საგარეო ვალია. მაგისტრალი საფრთხეს უქმნის ხეობას და მის განუმეორებელ ბუნებრივ ლანდშაფტს, ზღვის დონიდან 1900 მეტრამდე გაშენებულ სოფლებს და მათ მაცხოვრებლებს, მდიდარ ბიომრავალფეროვნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას - პატარა ხეობაში მოქცეულ ათეულობით კოშკსა და სალოცავს, რომელთა ერთ ჯგუფს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, ასევე, ჯერ კიდევ შეუსწავლელ არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ძეგლებს. ხადაში შემორჩენილი ხუროთმოძღვრული ძეგლები მთელ შუა საუკუნეებს მოიცავს, მათი უმნიშვნელოვანესი ნაწილი X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება. გზის მშენებლობას დამღუპველი გავლენა ექნება გარემოზე და ხეობაში ეკოტურიზმის განვითარების პოტენციალზე. ამასთან, მშენებლობა შეიძლება შეიცავდეს სეისმურ და გეოლოგიურ რისკებს, რადგან ისინი საპროექტო დოკუმენტაციაში ჯეროვნად არ არის შეფასებული. პროექტის დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ თითქოს მისი ინფრასტრუქტურა მორგებულია კლიმატის ცვლილების შესაძლო შედეგებს, თუმცა, რეალურად, პირიქითაა - პროექტმა შესაძლოა ხელი შუწყოს სხვადასხვა სტიქიური პროცესების (ეროზია, მეწყერი, ზვავი) დაჩქარებას.

ადგილობრივი მოსახლეობისა და ექსპერტების მრავალმხრივი პროტესტისა და სასამართლო სარჩელების მიუხედავად, პროექტის განხორციელება დაწყებულია. არაგვის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლიდან, ნაღვარევის წმინდა გიორგის ეკლესიიდან, სულ რაღაც 50 მეტრში უკვე დაიწყო მუშათა საცხოვრებელი კორპუსის უნებართვო მშენებლობა, რაც ისტორიულ ძეგლს უშუალოდ უქმნის საფრთხეს. ეს ფაქტი კიდევ უფრო ნათლად ავლენს მოსალოდნელ საფრთხეებს ისტორიულ-კულტურული ძეგლებით დატვირთულ ხადაში, სადაც 6 ხიდისა და 5 გვირაბის, დამხმარე გზების, სამშენებლო ბანაკებისა და სანაყაროების მოწყობა იგეგმება.

ხადელების ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ, თუ როგორ მიმართა მათ ერთ-ერთ შეხვედრაზე პროექტის (აზიის განვითარების ბანკის) წარმომადგენელმა: "თქვენ რა გგონიათ, ეს გზა ხადისთვის კეთდება"? ხადელები ამბობენ, რომ "პროექტი არ არის მორგებული ადგილობრივების საჭიროებებზე და პირიქით, ხადის ხეობის მსხვერპლად გაღებას გულისხმობს, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ".

თბილისიდან საათნახევრის სავალზე მდებარე მაღალმთიანი ხადის ხეობა მნახველებისთვის თითქმის მთელი წელი მისაწვდომია და ის მარტივად შეიძლება იქცეს ეკო-ტურისტულ და საგანმანათლებლო კერად, მუზეუმად ღია ცის ქვეშ. ამის ნაცვლად, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო 475 მილიონ აშშ დოლარს საერთაშორისო ბანკებიდან სესხულობს, 83.6 მილიონი კი საქართველოს ბიუჯეტიდან იხარჯება. პროექტის დაბალი ეკონომიკური მიმზიდველობა, უარყოფითი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების ფონზე, კიდევ უფრო სათუოს ხდის მის სიკეთეს ქვეყნისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ვითხოვთ:
- დაუყოვნებლივ შეჩერდეს ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სამშენებლო (მათ შორის მოსამზადებელი) სამუშაოები.

- საზოგადოების ფართო ჩართულობით შემუშავდეს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ხადის ხეობაზე გამავალი მონაკვეთის ალტერნატივა, რომელიც თავიდან აგვაცილებს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების (ბიომრავალფეროვნების) განადგურებას და მოსახლეობისგან მის დაცლას.

- ალტერნატიული ხეობის შერჩევის შემდეგ, სამშენებლო (მათ შორის მოსამზადებელი) სამუშაოების დაწყებამდე, ჩატარდეს აუცილებელი წინასწარი კვლევები, რათა თავიდან ავიცილოთ პროექტის შესაძლო უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ მოსახლეობაზე, კულტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებსა და ბიომრავალფეროვნებაზე.

- გადაიდგას თანმიმდევრული ნაბიჯები, რომ ხადის ხეობა გამოცხადდეს დაცულ ლანდშაფტად, რათა დავიცვათ ხეობაში ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული გარემო, შევინარჩუნოთ ადგილობრივი ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა და მასთან ერთად განვავითაროთ ხადაში მდგრადი ეკოტურიზმი.

- საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ხადის ხეობის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად წარდგენა.