en
  

ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტი

საერთაშორისო ფონდ ალიფის (Aliph Foundation) მიერ დაფინანსებული ორწლიანი პროექტი - ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია არხოტში - საქართველოს ეროვნული ფონდის ხელმძღვანელობით ხევსურეთში, არხოტის თემის სოფელ ახიელში 2021 წელს დაიწყო.

პროექტი მიზნად ისახავდა ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაციას, არხოტის თემის კულტურული, ბუნებრივი მემკვიდრეობის წარმოჩენას როგორც ჩვენი, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისათვის და ზოგადად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე შუა საუკუნეების კოშკის გამაგრება-რეაბილიტაციის პარტნიორები და მხარდამჭერები, დიდი გამოცდილების მქონე ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაცია (International National Trusts Organization (INTO) და ფრანგული კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია - რამპარი (Rempart) არიან.

ეროვნული მნიშვნელობის ცისკარაულების საგვარეულო კოშკი საგრძნობლად დაზიანდა 2001 წლის რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს. ჭურვის ჩამოგდების შედეგად გაჩენილი ღრმა ბზარები, ჩამონგრეული კედლების ფრაგმენტები საჭიროებდა გადაუდებელ გამაგრებით და აღდგენით სამუშაოებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი თემის მონაწილეობასა და ჩართულობას პროექტის ყველა საქმიანობაში. ქართველი და უცხოელი მოხალისეების ჩართვას აღდგენით სამუშაოებში, ცოდნის გავრცელებასა და კავშირის გაძლიერებას.

,,წელს ჯარჯი ცისკარაულის ოჯახში, ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ პროექტში ჩართული ფრანგი და ქართველი მოხალისეები. ეს გამოცდილება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, როგორც ადგილობრივი ოჯახისათვის, ასევე ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის. გვახარებს ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნულმა ფონდმა მოახერხა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში მოხალისეების ჩართვა. დარწმუნებული ვარ, პროექტში ჩაბმულ მოხალისეებს ზაფხულის გამოცდილება კულტურული მემკვიდრეობის სამუდამო ქომაგებად აქცევს“, - აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ფონდის თავმჯდომარემ მარინე მიზარდარმა.
ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პარალელურად მიმდინარეობდა 600 მეტრიანი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა მდინარე ასას ნაპირიდან საირმის მთის ბორცვის წერტილამდე. ეს ბილიკი ხელს შეუწყობს სოფელ ახიელას ეკო-ტურიზმის კერად ჩამოყალიბებას, გააძლიერებს საზღვარს და გაზრდის პირიქითა ხევსურეთის თვალსაჩინოებას საქართველოს სათავგადასავლო რუკაზე.

რამპარი 1966 წელს დაარსდა და, უკვე მრავალი ათეული წელია, მოხალისეების ჩართულობით ემსახურება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეს. საქართველოს პირველად ესტუმრნენ ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოხალისეები.
,,უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის პროექტი სავსეა თავისებურებებითა და ღირებულებებით. საქართველოში პირველად ვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტს. ჩვენ ვმუშაობთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციაზე, რომელიც მარტივი არ არის, თუმცა უკვე დარწმუნებული ვარ მის წარმატებით დასრულებაში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სოფლად არსებობა და მისი რეაბილიტაციის პროცესი თავისთავად გულისხმობს ადგილობრივებთან მოხალისეების მჭიდრო ურთიერთობასა და ყოველდღიურ ყოფაში მონაწილეობას. ფრანგი და ქართველი მოხალისეების ჩართულობამ პროექტი რეალობად აქცია. იმედი მაქვს, ეს პირველი ნაბიჯი უფრო დიდი საქმის საწინდარი იქნება, ვიდრე ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია“, - ამბობს რამპარის პრეზიდენტი მარი-ჟორჟჯ ფაჟელ-ბღუსი.

პროექტის საქმიანობები და შეხვედრები:
  • შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულთან;
  • 18 აპრილს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეროვნულმა ფონდმა არხოტში დაგეგმილი კოშკის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია ღია ცის ქვეშ გამართა;
  • შეხვედრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 1957 წლიდან არხოტიდან ჩასახლებული ცისკარაულების გვარის წარმომადგენლებთან;
  • შეხვედრები სოფელ ახიელას ადგილობრივ მოსახლეობასთან;
  • პროექტში მონაწილეობაზე კონკურსის გამოცხადება და მოხალისეების შერჩევა;
  • პროექტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთში, ალპებში, ოსუას კომუნაში მდებარე მე-18 საუკუნის - ვიქტორ-ემანუელის ციხე-სიმაგრის აღდგენით-სარეაბილიტაციო სამუშაოებში;
  • რამპარის წარმომადგენლების სტუმრობა საქართველოში;
  • პროექტის გაცნობა მოხალისეებისათვის, კოშკის რეაბილიტაციაზე სამუშაო პროცესის დაწყება;
  • მოხალისეებისთვის შემეცნებითი და გაცნობითი მასტერკლასებისა და ლაშქრობის უზრუნველყოფა თავისუფალ დროს, არხოტის ხეობაში შეხვედრები ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან.
  • რამპარის ინიციატივით, ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში საფრანგეთში  გამართულ ტრენინგში „კულტურული მემკვიდრეობის ლიდერები“ ცისარაულების კოშკის პროექტის წარმომადგენლის ჩართვა.
საქართველოს ეროვნლი ფონდის პროექტის - ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია არხოტში სამუშაო ჯგუფი: 
  • პროექტის ხელმძღვანელი - მარინე მიზანდარი; 
  • თანამენეჯერები - სალომე ცისკარაული და გუგა ქლიბაძე; 
  • არქიტექტორ-რესტავრატორები - ნინო კორძახია, ლელა ნინოშვილი და გუგა სუთიძე;
  • ხელოვნებათმცოდნე - მანანა სურამელაშვილი.