en
  

ქართულმა პროექტმა ევროპული კულტურული 

მემკვიდრეობის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

 
ხევსურეთში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული კოშკის აღდგენის ქართულმა პროექტმა მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების  ჯილდო მოიპოვა. „ევროპა ნოსტრას“ ერთ-ერთი გამარჯვებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის - ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციაა, რომელიც დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით გახდა შესაძლებელი და ქართველი და ევროპელი პროფესიონალებისა და  ახალგაზრდა მოხალისეების ერთობლივი მუშაობის შედეგია.
„ევროპა ნოსტრას“ ჯილდო პროექტის ავტორს, საქართველოს ეროვნულ ფონდს გადაეცემა კატეგორიაში ‘მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება’ გამარჯვებისთვის, ევროპის 6 სხვა ქვეყანასთან. გამარჯვებულთა შორისაა პროექტები ბელგიიდან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, ხორვატიიდან და საქართველოდან.

„ევროპა ნოსტრას“ ჟიურის შეფასებით, აღნიშნული პროექტი „მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ყოვლისმომცველი მიდგომის სრულყოფილ ნიმუშად გვევლინება. ეს მიდგომა გულისხმობს ძეგლის რესტავრაციის პროცესს, თემის ჩართულობას, საერთაშორისო თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას... პროექტმა წვლილი შეიტანა საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში, მშვიდობისა და ურთიერთნდობის  ხელშეწყობაში, და შექმნა ერთობა - მემკვიდრეობისათვის“, - ნათქვამია ჟიურის გადაწყვეტილებაში ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის შესახებ.

7 ოქტომბერს ბუქარესტში ჩატარებულ საზეიმო ღონისძიებაზე, კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი გავიგეთ. ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტი არა ხმოლოდ მოქალაქეების ჩართულობის კატეგორიაში შეირჩა გამარჯვებულად, არამედ გრანპრით დაჯილდოვდა. ამ ტიტულთან ერთად ჩვენმა ფონდმა მონეტარული პრიზიც მიიღო 10 000 ევროს ოდენობით, რომელიც საქართველოში მდებარე სხვა კულტურული მემკვიდრეობი ძეგლის გადარჩენას მოხმარდება.

აღნიშნული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციაზე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, საქართველოში 420 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც, დაახლოებით 90 000 ლარი პროექტში ჩართულ ადგილობრივ თემს მოხმარდა.
„პროექტი „მოქალაქეთა მიერ  ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია“ საქართველოში 2021-2023 წლებში განხორციელდა ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაციასთან (International National Trusts Organisation, დიდი ბრიტანეთი), “რამპართან” (REMPART, საფრანგეთი) და ასოციაცია სიდლეცინის კოშკის (‘Ducal Tower in Siedlecin’, პოლონეთი)  - მჭიდრო თანამშრომლობით.  პროექტი დააფინანსებულია საერთაშორისო ფონდ “ალიფის” (ALIPH Foundation) მიერ.
„პროექტი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის საქმეში საერთაშორისო მხარდაჭერის, ევროპელი პარტნიორების ჩართულობის სასიცოცხლო მნიშვნელობის მაგალითია. ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ბრიტანელი, ფრანგი, პოლონელი კოლეგების ჩართულობა და ახალგაზრდა მოხალისეების ძალისხმევა აღმოჩნდა გადამწყვეტი, რათა განადგურებისგან გადარჩენილიყო შუასაუკუნეების თავდაცვითი კოშკი, ჩვენი ისტორიის ნაწილი, და ამასთანავე ევროპის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლი. კოშკის რეაბილიტაციასთან ერთად, პროექტის შედეგად გაიზარდა არხოტის თემის ცნობადობა საქართველოსა და ევროპაში, შეიქმნა მნიშვნელოვანი  წინაპირობა  ხეობაში მემკვიდრეობის ტურიზმის გასავითარელად, ერთმანეთს დაამეგობრა ქართველი და ევროპელი ახალგაზრდები და მოხალისეები“, - განაცხადა მარინე მიზანდარმა, საქართველოს ეროვნული ფონდის თანადამფუძნებელმა.  

„ევროპა ნოსტრა“ ევროპის ყველაზე მასშტაბური და წარმომადგენლობითი ორგანიზაციაა მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში, 60-წლიანი ისტორიით. ის 1963 წელს დაარსდა პარიზში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით; აერთიანებს 40-ზე მეტ ქვეყანას და აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან, ევროპის საბჭოსთან, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.