ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტი ბუქარესტში კულტურული მემკვიდრეობის ევროპის უმაღლესი ჯილდოს გრან პრის მფლობელი გახდა
- 07 ოქტომბერი, 2024
კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების, ევროპული მემკვიდრეობის პრიზის /ევროპა ნოსტრას ჯილდოს, 2024 წლის გამარჯვებულები დღეს ბუქარესტში რუმინულ ათენეუმში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ. მოქალაქეების მიერ ცისკარაულების კოშკის (საქართველო) რეაბილიტაცია ხევსურეთში, გრან პრის მფლობელი გახდა კატეგორიაში მოქალაქეების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება.
დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდა გრან-პრის ხუთი ლაურეატი და 2024 წლის ხალხის რჩეულის ნომინაციის გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ ფულად ჯილდოს 10000 ევროს ოდენობით. გრან-პრის მფლობელები ევროპა ნოსტრას საბჭომ, დამოუკიდებელი ექსპერტების ჟიურის რეკომენდაციით ევროპის 18 ქვეყნის 26 გამარჯვებულს შორის შეარჩია.
ევროპა ნოსტრას დაჯილდოების ცერემონიამ თავი მოუყარა 800-მდე პროფესიონალს, მოხალისეს, ენთუზიასტს და მხარდამჭერს მთელი ევროპიდან. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ პრეზიდენტის მრჩეველი, პროფესორი დოქტორი სერგიუ ნისტორი; რუმინეთის კულტურის მინისტრი რალუკა ტურკანი და ბუქარესტის მერი დოქტორი ნიკუსორ დენი. დაჯილდოების ცერემონია ბუქარესტში 6-დან 8 ოქტომბრამდე ევროპა ნოსტრას ორგანიზებით, ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის თანადაფინანსებით და რუმინეთის პრეზიდენტის, მისი აღმატებულების, კლაუს იოჰანისის პატრონაჟით მიმდინარე 2024 წლის ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სამიტის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.