en
  

საქართველოს პირველი ტელევიზიის შენობის გადასარჩენად კამპანია დაიწყო

საქართველოს ეროვნული ფონდისა და ევროპანოსტრას (Europa Nostra) წარმატებული თანამშრომლობის ახალ ეტაპს, ევროპის კულტურულ კერაში (European Heritage Hub) ჩართვა წარმოადგენს. ჩვენი ორგანიზაცია დიდი სიხარულით შეხვდა საერთო პროექტის დაგეგმვისა და შესრულების ამოცანას. შეექმნა მაღალი ხარისხის პოდკასტების სერია, წარემართა ცნობიერების ამაღლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენის კამპანიები. ამ თანამშრომლობის შეთანხმებას დაემთხვა საქართველოში შექმნილი კრიზისული პოლიტიკური პროცესები, სადაც სახელმწიფო ტელევიზიის დემოკრატიზება, ხალხისათვის დაბალანსებული და სანდო ინფორმაციის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ამაზე დაკვირვებით მემკვიდრეობის პლატფორმამ მხარი დაუჭირა პირველი არხის ისტორიული შენობის და მაუწყებლის ფუნქციის შენარჩუნებას დამკვიდრებულ ტერიტორიაზე. 


შენობისა და ქალაქის იდენტობის გადარჩენის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ფონდის მენეჯერი სალომე ტაბატაძე, არქიტექტორ ნანო ზაზანაშვილთან და ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერიასთან ერთად მიწვეული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ღია ეთერში. მათ წარადგინეს ტელეცენტრის შენობის გადარჩენის ინიციატივა, რომელსაც წინ უძღოდა “მემკვიდრეობის პლატფორმის” წევრებთან გამართული სამი სამუშაო შეხვედრა. შედეგად შემუშავდა კამპანიის სტრატეგია, ვიზუალური ენა და გამოსაყენებელი მასალები. სლოგანი “ეთერი ხალხს- შენობა ქალაქს” კი საერთო სახალხო პროცესმა წარმოშვა. 


შენობის შენარჩუნებისთვის შემდგომი ნაბიჯები მოსახლეობისთვის გასხვისების პროცესების გაცნობას, ბუკლეტების და პოსტერების სახით ინფორმაციის მიწოდებას, მათთან ინტერვიუების ჩაწერას, პეტიციის შევსებასა და აქტიურ მედია გაშუქებას მოისაზრებს.