en
  

საქართველოს ეროვნული ფონდის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის - ისტორიული ტელეცენტრის - შენობის შენარჩუნების შესახებ

საქართველოს ეროვნულმა ფონდმა თხოვნით მიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიულ შენობას მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. 

ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, დაიწყოს საჯარო დისკუსია და გამჭვირვალე გახდეს პროცესი, პირობები და ვალდებულებები შენობის ფუნქციურ განვითარებასთან  დაკავშირებით, რადგან ის ამჟამად კერძო მფლობელობაშია. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის - ისტორიული ტელეცენტრის - შენობა XX საუკუნის ქართული მოდერნისტული არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშია. ამასთანავე, წარმოადგენს თბილისის იდენტობისა და კულტურულ-სოციალური მეხსიერების ნაწილს. გასული საუკუნის 60-იან წლებში აგებული შენობა  გმირთა მოედნის ირგვლივ განვითარებული ურბანული ქსოვილის განუყოფელი ნაწილია. აღსანიშნავია, რომ მისი როლი და მნიშვნელობა XXI საუკუნის ინფრასტრუქტურულმა ცვლილებებმაც კი ვერ დააკნინა. 

საზოდაგადოებრივი მაუწყებლის ისტორიული შენობა 2022 წელს აუქციონის წესით 75 მილიონ ლარად გაიყიდა. მისი მფლობელია  შპს ,,კოსტავა თაუერსი”,  საქართველოს ეროვნული ფონდის მიერ მოპოვებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო არ ავალდებულებს ინვესტორს, შეინარჩუნოს შენობა და მისი საზოგადოებრივი ფუნქცია. 

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიულ შენობას უნდა მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მნიშვნელოვანია, თბილისს შევუნარჩუნოთ ტელეცენტრის მთავარი შენობა, როგორც მხატვრულ-ისტორიული, მემორიალური, სახალხო და სამეცნიერო ღირებულების მატარებელი. 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიული შენობის შესახებ

საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი კორპუსის მშენებლობა არქიტექტორ არჩილ ქურდიანის ავტორობით XX საუკუნის 60-იან წლებში დასრულდა. მან ტელეცენტრის შენობის სახით ქართული მოდერნისტული შენობის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში შექმნა. 

 

შენობის გარშემო უკვე ჩამოყალიბებული ქუჩის კონტური, ტექნიკური უნივერსიტეტის, “11-სართულიანი სახლის” და ცირკის შენობები,  გმირთა მოედნის სახასიათო ანსამბლს ქმნიდა. აქედან გამომდინარე, ტელევიზიის შენობა უნდა ყოფილიყო მარტივი, ფუნქციური და თვალსაჩინო. შენობის ესკიზურ ვერსიებში ჩანს არქიტექტორის შემოქმედებითი ძიება, თუ როგორ გარდაექმნა სტალინური ეპოქისთვის ჩვეული ამპირის, მძიმე, ორნამენტული ფასადი მსუბუქ და ახალი დროისთვის შესაფერის სტილად. 

 

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის I, II და VII კორპუსებს, 11-სართულიან საცხოვრებელსა და ცირკის შენობებს 2007 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

 

საქართველოში მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო  მასობრივი განაშენიანება, რომლის მთავარი იდეაც სტანდარტიზებული დიზაინი, სიიაფე და მშენებლობის მარტივი ტექნოლოგია იყო.

 

ქართული არქიტექტურის მაშინდელმა მოდერნისტულმა სტილმა, ერთი მხრივ, გაითავისა მსოფლიოში მიმდინარე ეს იდეოლოგიური, სტილისტური და ფუნქციური მახასიათებლები. თუმცა, საინტერესო იმითაა, რომ  საბჭოთა სტანდარტიზებული იდეოლოგიის ქვეშ, შეძლო ახალი, დამოუკიდებელი და თანამედროვე ფორმების ჩამოყალიბება. ასეთ არქიტექტურულ ნიმუშებს შორის იყო თბილისში ჭადრაკისა და ალპური კლუბის სასახლე, ლაგუნა ვერეს საცურაო კომპლექსი, უნივერმაღ თბილისის კომპლექსი. მოდერნისტული სტილის ერთ-ერთი თვალსაჩინო და გამორჩეული ნიმუში საზოგადოებრივი მაუწყებლის - იგივე, ტელეცენტრის  -  ისტორიული შენობაა. 

 

 

საქართველოს ეროვნული ფონდი


კონტაქტი:


რუსუდან ფანოზიშვილი, კომუნიკაციის კონსულტანტი, 599104043,

rusudanph@gmail.com


სალომე ცისკარაული, კომუნიკაციის კონსულტანტი, 599373728,

salometsiskarauli@gmail.com