სამუშაო შეხვედრები
საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიული შენობის შენარჩუნებისა და განვითარების კონცეფციური პროექტები
28-31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ფონდმა უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას არქიტექტურის სტუდენტებისათვის, თემაზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიული შენობის შენარჩუნება და განვითარება. სამუშაო შეხვედრას ხელმძღვანეობდნენ არქიტექტორები ლევან კალანდარიშვილი, ანა გულისაშვილი და გიორგი კიღურაძე, რომლებმაც სტუდენტებს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და არქიტექტურის ისტორიის მიმართულებით საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს. მათი დახმარებით, სტუდენტებმა შეიმუშავეს ისტორიული ტელეცენტრის შენობის შენარჩუნებისა და მისი ტერიტორიის საზოგადოების საჭიროებაზე მორგებული განვითარების პროექტები. შეხვედრა ჩატარდა ეროვნული ფონდის კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანია, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის შენარჩუნება და განვითარება. სტუდენტების მიერ შექმნილი პროექტები გამოიფინება საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიულ შენობასთან დაკავშირებული კამპანიის შემაჯამებელ გამოფენაზე. ტელეცენტრის ისტორიული შენობა თბილისის იდენტობისა და კულტურულ-სოციალური მეხსიერების ნაწილია, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში, არქიტექტორ არჩილ ქურდიანის ავტორობით აიგო და გმირთა მოედნის ირგვლივ განვითარებულ ურბანულ ქსოვილში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. მაუწყებლის ტერიტორია 2022 წელს აუქციონის წესით გაიყიდა. მისი მფლობელია შპს ,,კოსტავა თაუერსი”. საქართველოს ეროვნული ფონდის მიერ მოპოვებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო არ ავალდებულებს ინვესტორს, შეინარჩუნოს შენობა და მისი საზოგადოებრივი ფუნქცია.