en
  

სამუშაო შეხვედრები

ხის კონსერვაციის პრინციპები და პრაქტიკული უნარ-ჩვევები

ICOMOS საქართველოს საპილოტე პროგრამის – “კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია” ფარგლებში, ICOMOS საქართველოსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის (Riksantikavaren) ორგანიზებით, და საქართველოს კულტურული მემვკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით, 2021 წლის 15-16 ივლისს, ჩატარდა პრაქტიკული სემინარი სახელწოდებით „ხის კონსერვაციის პრინციპები და პრაქტიკული უნარ-ჩვევები“. დაგეგმილი პრაქტიკული სემინარის მიზანი იყო ხის კონსერვაციის ძირითადი პრინციპების გაცნობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, როგორც უშუალოდ შემსრულებელ ოსტატებში, ისე კონსერვაციის სფეროში ჩართულ მრავალდისციპლინარულ ექსპერტთა წრეში. ორდღიანი ვორკშოფი მოიცავდა როგორც თეორიული ცოდნის გაზიარებას, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს ხის არქიტექტურის ნიმუშების სტრუქტურული და დეკორატიული ელემენტების „მკურნალობასა“ და რესტავრაციაზე, საღებავით დამუშავებული ზედაპირების კონსერვაციაზე და აშ. თეორიული ნაწილი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა ხითხუროობის ტრადიციები საქართველოში, ხის არქიტექტურული ელემენტების დაზიანების მიზეზები და არსებული პრობლემები, ხის რესტავრაციის გამოცდილების გაზიარება და ა.შ. სემინარის მეორე დღეს მონაწილეებმა ისწავლეს და შეასრულეს ისეთი პრაქტიკული სამუშაოები, როგორიცაა ფერის კვლევა, ხის ზედაპირის მომზადება საკონსერვაციო სამუშაოებისთვის, დაზიანებული ხის არქიტექტურული დეტალების რესტავრაცია, ა.შ. პრაქტიკული სემინარის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ვორკშოფი დასრულდა საინტერესო დისკუსიითა და ICOMOS საქართველოსა და სემინარის მონაწილეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის იმედით.