en
  

საქართველოს ტელეცენტრის შენობის გადასარჩენად

ეთერი ხალხს - შენობა ქალაქს!

საქართველოს ეროვნული ფონდისა და ევროპანოსტრას (Europa Nostra) წარმატებული თანამშრომლობის ახალ ეტაპს, ევროპის კულტურულ კერაში (European Heritage Hub) ჩართვა წარმოადგენს. ჩვენი ორგანიზაცია დიდი სიხარულით შეხვდა საერთო პროექტის დაგეგმვისა და შესრულების ამოცანას. შეექმნა მაღალი ხარისხის პოდკასტების სერია, წარემართა ცნობიერების ამაღლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენის კამპანიები. ამ თანამშრომლობის შეთანხმებას დაემთხვა საქართველოში შექმნილი კრიზისული პოლიტიკური პროცესები, სადაც სახელმწიფო ტელევიზიის დემოკრატიზება, ხალხისათვის დაბალანსებული და სანდო ინფორმაციის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ამაზე დაკვირვებით მემკვიდრეობის პლატფორმამ მხარი დაუჭირა პირველი არხის ისტორიული შენობის და მაუწყებლის ფუნქციის შენარჩუნებას დამკვიდრებულ ტერიტორიაზე. 


საქართველოსთვის ისტორიული პირველი არხის შენობა, არამხოლოდ ტელეკომუნიკაციების სფეროს გარდამტეხ ეტაპს წარმოადგენს, არამედ ქართული მოდერნისტული არქიტექტურის განსაკუთრებული ნიმუშიცაა. საზოგადოების მცირე ნაწილისთვის ცნობილი გახდა, რომ ტერიტორია 2022 წელს აუქციონის სახით გასხვისდა და კერძო მფლობელობაში გადაეცა შპს “კოსტავა თაუერსს” , ხოლო ფართო საზოგადოებამ ტელევიზიის ადგილის შეცვლის შესახებ, პირველი არხის საზეიმოდ გახსნის ცერემონიიდან შეიტყო. ერთის მხრივ ბევრისათვის შეიძლება არ იყოს თვალსაჩინო, შენობის არსებულ ურბანულ გარემოში დარჩენის საჭიროება, მაგრამ ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი და საქმიანი მასშტაბების ბრუტალური ზრდა ცალსახად უარყოფით გავლენას მოახდენს გმირთა მოედნის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე, რომ აღარაფერი ვთქვათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ქალაქის პერიფერიაში გადატანის წამგებიანობაზე.


კოსტავა თაუერსი დიდი კორპორაციის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია, უფრო კონკრეტულად ის ბიოგრაფი ლივინგის კონცეფციას ახორციელებს და იმეორებს მრავალფუნქციური, ელიტური “გეტოს” იდეას. ოთხსართულიანი ფართოდ გაშლილი სავაჭრო ცენტრის ბაზას ეყრდნობა მაღალსართულიანი, უნიმორფული და სტანდარტიზებული საცხოვრებელი ბინების ვერტიკალური მოცულობა. მოქალაქეებთან ერთად ბინებს მოკლევადიანი ტურისტებიც გაიყოფენ და კიდევ უფრო გაზრდიან აპარტოტელების მომგებიანობას ბაზარზე, თუმცა სამყაროს ბალანსის კანონის მიხედვით ეს ზედმეტობა, აუცილებლად ვიღაცას მოაკლდება. ბოლო პერიოდის დეველოპერულ პროექტებზე დაკვირვებით კი, ის ქალაქის მკვიდრი და ხშირ შემთხვევაში ეკონომიკურად დაბალ ფენებში მყოფი მოსახლეობაა. 


მსოფლიოში მიმდინარე ურბანიზაცია შეუქცევადი პროცესია, რიგი სახელმწიფოებისა ყველანაირად ცდილობს სოფლების გაძლიერებას და ქალაქებში სამშენებლო შეზღუდვების დაწესებას, ქვეყანაში რესურსების თანაბრად გადანაწილებისთვის, თუმცა აქტიური ცხოვრება ახალგაზრდებს სოფლებიდან ქალაქებისკენ იზიდავს. ამ პროცესის ფარგლებში თბილისის ცენტრში ყოველწლიურად მცირდება ზონები, რომლებიც ცენტრალურ უბნებში მცხოვრებ მოქალაქეებს საჯარო სკოლების, ბაღების, არაფორმალური განათლების კერებისა თუ სხვადასხვა სარეკრეაციო სივრცეების დამატების შესაძლებლობას შეუქმნის. 


დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ფიქსირდება ექსპროპრიაციის ერთეული შემთხვევები, მათ შორის ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა თბილისის მერიის მხრიდან, თუმცა სახელმწიფო საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ახალ ინფრასტრუქტურას იშვიათად ქმნის, თუ არ ჩავთვლით ჩქაროსნულ გზატკეცილებსა და ჰესებს. თბილისის მასშტაბით ძალიან გართულებულია შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება, კულტურისა და ძეგლთა დაცვის საბჭოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში, წინადადებას ჯერ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი განიხილავს და შემდეგ უგზავნის საქართველოს მთავრობას, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ-მინისტრი. როგორც ჩანს სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის კულტურული მემკვიდრეობა, მისი გარკვეული ნაწილი, მდებარეობა და ეპოქა. მოდერნისტული შენობები ძნელად თუ აღმოჩნდება ზრუნვისა და მოვლის პირობებში, თუ არ ჩავთვლით თბილისის ფილარმონიას. 2018 წელს საქართველოს ლურჯი ფარის ინიციატივითა და გეტის ფონდის (Getty Foundation) მხარდაჭერით თბილისის მოდერნისტული ძეგლების სიას ვერის ბაღში მდებარე, ჭადრაკისა და ალპური კლუბის შენობაც შეუერთდა. ტელეცენტრის შენობა აკმაყოფილებს ძეგლად აღიარების ყველა მოთხოვნას არქიტექტურულ, ისტორიულ, მხატვრულ, სამეცნიერო, კომუნიკაციის ღირებულებებს, გარდა ასაკობრივი ხანდაზმულობისა. კანონის მიხედვით შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება მარტივდება თუ ის 100 წელზე ძველია. ტელეცენტრის შენობას კი სულ რაღაც 38 წელი აკლია ამ ვადამდე.


ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების გათვალისწინებით, აუცილებელია ტელეცენტრის ისტორიული შენობის შენარჩუნება. ის ქალაქს არამხოლოდ არქიტექტურულ-მხატვრულ ღირებულებას მატებს, არამედ ქმნის შესაძლებლობას ქალაქის ზრდა საცხოვრებელთან ერთად ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ფუნქციითაც მოხდეს. 


შენობისა და ქალაქის იდენტობის გადარჩენის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ფონდის მენეჯერი სალომე ტაბატაძე, არქიტექტორ ნანო ზაზანაშვილთან და ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერიასთან ერთად მიწვეული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ღია ეთერში. მათ წარადგინეს ტელეცენტრის შენობის გადარჩენის ინიციატივა, რომელსაც წინ უძღოდა “მემკვიდრეობის პლატფორმის” წევრებთან გამართული სამი სამუშაო შეხვედრა. შედეგად შემუშავდა კამპანიის სტრატეგია, ვიზუალური ენა და გამოსაყენებელი მასალები. სლოგანი “ეთერი ხალხს- შენობა ქალაქს” კი საერთო სახალხო პროცესმა წარმოშვა. 


შენობის შენარჩუნებისთვის შემდგომი ნაბიჯები მოსახლეობისთვის გასხვისების პროცესების გაცნობას, ბუკლეტების და პოსტერების სახით ინფორმაციის მიწოდებას, მათთან ინტერვიუების ჩაწერას, პეტიციის შევსებასა და აქტიურ მედია გაშუქებას მოისაზრებს.