en
  

ზურა ჯიშკარიანი

მწერალი

გამარჯობა. მე ვარ ზურა ჯიშკარიანი, მწერალი.
 
უკვე წლებია ვამუშავებ თემას ჩემი და ჩემი თაობის (საქართველოს პირველი თაობის) გამოცდილებაზე დევნილებად ყოფნისა. წელს დავიწყე მოთხრობების სერია, რომლის პროტაგონისტი არის პატარა ველური ბავშვი, ახალი ჩამოსული ომიდან (აფხაზეთის ომი) პატარა საპორტო ქალაქში. (ფოთი).
 
ეს არის პერიოდი, როცა არ მუშაობს სახელმწიფო, არ მუშაობს პოლიცია, სასამართლო კანონიერი ქურდები არიან და ბავშვები ცხოვრობენ და სამყაროს შეიმეცნებენ ქუჩებში. ამასთანავე ეს არის ცრურწმენების საოცარი პერიოდი - მე ვნახე ფანდურიანი გამომლოცველები, “ბატონების” მოციქული კაცი იესოსავით გრძელი თმებით, რომელთან მიღებაზე ნახევარი ქალაქი დადიოდა და გარეთ დიგა კილომეტრიანი წიგი ზამთრის ცივი ცის ქვეშ, ყავაზე მკითხაობები და ა.შ. მთელი კოლხეთის მითოლოგია მაშინ აყვავილდა პარალელურად ჯართის ჩაბარების პუნქტებისა და მომატებული კრიმინალისა და ნარკომანიის.
 
ასეთ ვითარებაში, ასევე საინტერესოა როგორ ფუნქციონირებდნენ ოჯახები, უფრო წროია რომ თუ ვიტყვით, როგორ ვერ ფუნქციონირებდნენო, რადგან ტერმინი “დისფუნქციური ოჯახი” ზუსტად აღწერს მათ მდგომარეობას. ჩემი მშობლები მაშინ დაახლოებით იმ ასაკის იყვნენ, როგორც მე ახლა და ნათხოვარ ბინაში ვცხოვრობდით 10 ადამიანი, ოჯახის ყველა თაობა და დამატებით ჩემი ბიძაშვილი, რომელიც კანონს გაურბოდა რუსეთში ჩვენთან და მისი ცოლი.
 
ჩემი უდიდესი მოტივაციაა ის შიშველი რეალობა, რომელიც გამოვცადე და არსად მინახავს აღწერილი და რომელიც, იმიტომაც რომ ბავშვს ეხება, რომლის ფიქრები ჯერ არ არიან დაბინძურებულები იდეოლოგიებით და ლამის სუბალტერნის მდგომარეობაში იმყოფებიან - სცდება ლოკალურ გამოცდილებას, რადგან დღეს მთელს მსოფლიოში ათასობით მოზარდია ამ სიტუაციაში სხვადასხვა კონტექსტით. მაშინ როცა ძალადობისა და რეალობის ნგრევის ხარისხი იგივეა.
 
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასევე ჩემთვის: ქართულ ლიტერატურაში თუკი ვინმე ამ პერიოდს ეხება, ძირითადად აღწერს თბილისის, და კიდევ უფრო რომ დავაკონკრეტოთ, თბილისის რამდენიმე უბნის დრამას. ჩვენ, ველური ბავშვები, მსოფლიო სცენაზე კი არა, საკუთარ ქვეყანაშიც კი არ ვართ წარმოჩენილები ლიტერატურაში.
 
ვფიქრობ, რადგან გადავრჩი და ვწერ - ჩემი ვალია, სიტყვები ვაქციო რადიომაუწყებლობად ამ დაკარგული ხმებისა.